გაიმართება თუ არა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საკითხზე მთავრობის სპეციალური სხდომა – რას აცხადებს მინდია ჯანელიძე

თავდაცვის მინისტრი მიდია ჯანელიძე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპელემენტაციის საკითხზე მთავრობის სპეციალური სხდომის გამართვას შესაძლებლად მიიჩნევს.
“მთავრობის მიმართ იყო საქართველოს პრეზიდენტის წინადადება, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე გამართულიყო სპეციალური სხდომა. მე ასეთი სხდომის გამართვისთვის ვერანაირ ხელშემშლელ გარემოებას ვერ ვხედავ, თუმცა, ამავე დროს მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რომ პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს”, – განაცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.
რაც შეეხება უშუალოდ არსებით პაკეტს, თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მისი იმპლემენტაციის პროცესში არანაირი პრობლემა არ არის. ჯანელიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან პირადად ჰქონდა კომუნიკაცია.
“იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არის. ამასთან დაკავშირებით მე პირადად მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტთან, თუ დამატებითი კომუნიკაცია ან დამატებითი სხდომის ჩატარებაა საჭირო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით პრობლემები არ გვაქვს არც ერთი მიმართულებით და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს დაადასტურა ბატონმა აპატურაიმ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მისმა მოადგილემ, ვადასტურებ მე – პრობლემები არ გვაქვს”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მთავრობას, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს ნატოს პაკეტის იმპელემენტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ორჯერ სთხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები