გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს პასუხობს
ვიცე- პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უწყებათშორისი ფორმატის არსებობა არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს მასში ჩართული არც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს.
“გადაწყვეტილებების მიღების უწყებათშორისი ფორმატი არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. ისეთი საკითხები, რომელიც მოითხოვს არა ერთი, არამედ რამდენიმე უწყების ჩართულობას, ძალიან ხშირად იხილება სწორედ ასეთ უწყებათშორის ფორმატში. ვინაიდან ეკონომიკა გახლავთ უმთავრესი გამოწვევა ჩვენი მთავრობისთვის, ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად ვიყენებთ ფორმატს, სადაც რამდენიმე მინისტრის ჩართულობა არის უზრუნველყოფილი, რათა მიღებულ იქნას შეჯერებული გადაწყვეტილებები. ამგვარი ფორმატის არსებობა, არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს არც ერთი ჩართული მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს მიღებულ გადაწყვეტილებებზე და შედეგებზე”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტშო გამოსვილსას განაცხადა, რომ შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში სისტემური პარალელიზმის პრობლემა არსებობს.
“წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება როდესაც, ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ, სწრაფად უნდა გავაანაზილოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.