თინა ხიდაშელი: ასეთი მკვლელობები შემთხვევით არ ხდება, ამ საქმეს სჭირდება გაცილებით დიდი და სერიოზული პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურა და შსს იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.
“არ შემიძლია, ამ ტრიბუნასთან ვიდგე და ერთი წინადადებით არ შევეხმიანო იმ საზარელ მკვლელობას, რომელიც საქართველოში მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ და კიდევ მანამდე, რამდენიმე დღით ადრე. ბატონი იური ვაზაგაშვილის და ბესო ხარძიანის მკვლელობა შესაძლოა, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რის წინაშეც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება დადგა, რის წინაშეც ახალი შსს მინისტრი და პროკურატურის გუნდის ახალი შემადგენლობა დადგა.

მე დარწმუნებული ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე იქნება სათანადოდ გამოძიებული. არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. დაისჯებიან როგორც შემსრულებლები, ასევე დამგეგმავები. ასეთი მკვლელობები შემთხვევით არ ხდება. ამ საქმეს გაცილებით დიდი და სერიოზული პასუხი სჭირდება, ვიდრე ჩვენ მივიღეთ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე, და მე დარწმუნებული ვარ, სრული რწმენა მაქვს, რომ საქართველოს პროურატურა და შსს ნათელს მოჰფენს ამ საქმეებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები