ირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალური მოძრაობის” წინადადებები სიმტკიცეს და სანდოობას მოკლებულია

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში საშემოდგომო კრიზისს აანონსებს და აცხადებს, რომ საშემოდგომოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო კრიზისის კიდევ ერთი ტალღის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ქვეყანა სავალუტო კრიზისს განიცდის, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის წინაპირობაა.
“საქართველოს ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანა სავალუტო კრიზისს განიცდის, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის წინაპირობაა. ამ სიმწვავის ეკონომიკური პრობლემები საქართველოს, ბოლოს, 2008 წლის ბოლოს დაუდგა. მაშინ დონორების დახმარებამ უზრუნველყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან გამოყვანისგან. დღეს კვლავ რეგიონში მიმდინარე ომმა დაამძიმა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, რაც არ უნდა ვისაუბროთ გარე ფაქტორებზე, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ შიდა ფაქტორებით დაგვებალანსებინა. ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვერ აყალიბებს სრულყოფილ გეგმას. დაანონსებული ლარის კურსის საზაფხულო გამყარება მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ბუნებრივი ზრდის ამარა რჩება, და თუ არ წამოესწრო შეგნებული კონკრეტული მოქმედებებით, საშემოდგომოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო კრიზისის კიდევ ერთი ტალღის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა. დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობის” შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიას, მმართველობის დროს დაშვებული შეცდომების გამო, გამოუტანა საზოგადოებამ განაჩენი.

“მიუხედავად იმისა, რომ იგი საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას მოქმედი ხელისუფლების შეცდომებზე ცდილობს, უნდა ითქვას, რომ ეს შეცდომები საკმაოდ ბევრია. “ნაციონალური მოძრაობის” წინადადებები მოკლებულია სიმტკიცეს და სანდოობას. საზოგადოებას აქვს პოზიტიური სიახლე, “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას” შორის ერთმანეთზე ზრუნვით გაჟღენთილ ფონზე, გამოიკვეთა “თავისუფალი დემოკრატები”, რომელმაც თავისი საქმით და მიღებული შედეგებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და შედეგების დადება. ძალა, რომლის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი და მისი ძალა. ძალა, რომელსაც ჰყავს მკაფიოდ გამოკვეთილი მხარდამჭერები და აქვს მათი ზრდის პოტენციალი. ძალა, რომლის გარეშეც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ძალა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე და არა კინკლაობაზე; შენებაზე და არა ნგრევაზე; ოპონირებაზე და არა მტრობაზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები