თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს.
დღეს, თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში, საომარი მოქმედებების დროს და სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ 13 სამხედრო მოსამსახურეს სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები ჩაუტარდათ. შეჯიბრების მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სპორტულ ღონისძიებებში აქტიური ჩართვაა.
დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციას თავდაცვის სამინისტროში სპეციალურად შექმნილი „ინტერდისციპლინარული ამპუტირებულთა/დაჭრილთა რეაბილიტაციის“ (IDART) გუნდი უზრუნველყოფს. ჯგუფის წევრებს გავლილი აქვთ ტრეინინგი როგორც საზღვარგარეთ (აშშ), ასევე საქართველოში ამერიკელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით. ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, მოხდება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გადაფასება და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად კურსის გაგრძელება. ასევე შეფასდება მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფუნქციური მდგომარეობა. სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით, 2014 წლიდან დღემდე წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი 98-მა სამხედრო მოსამსახურემ ოჯახის წევრებთან ერთად გაიარა.