თავდაცვის აკადემიაში გენდერულ მრჩეველთა ორდღიანი სემინარი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის სფეროში გენდერულ მრჩეველთა ორდღიანი სემინარი გაიხსნა. სემინარი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა გახსნა და სემინარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა მარიეტ შურმანმა. ნატოს წარმომადგენელმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა და სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინ გენდერული მრჩევლების მომზადების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სამინისტროს ცნობით, სემინარი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უკვე მესამედ ტარდება. გენდერული მრჩევლების ტრენინგის მესამე ეტაპს ნორვეგიელი და დანიელი ექსპერტებიც ესწრებიან.

„გენდერული თანასწორობის საკითხზე მუშაობა წლების წინ დაიწყო და ამ კუთხით დიდი პროგრესია მიღწეული. დღევანდელი დღე ზუსტად ამის მაჩვენებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, იგეგმება ტრენინგები, თანამშრომლების გადამზადება და მათთვის გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ მიზნით არის ჩამოსული ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, სპეციალური წარმომადგენელი ქალბატონი მარიეტ შურმანი თავისი ჯგუფით და დამატებით მოწვეული გვყავს სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც“,- აღნიშნა გოჩა რატიანმა.
ექსპერტები გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325-ის შესახებ, სამშვიდობო მისიების დროს გენდერულ საკითხებზე და ქალთა ნებისმიერი ფორმის ძალადობის აღმოფხვრის კონვენციის შესახებ ისაუბრებენ. სემინარში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები