ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა (ვიდეო)
ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დასკვნით ფაზაზე საარტილერიო ბატალიონის ასეულმა საბრძოლო სროლები D-30 ტიპის ქვემეხებიდან აწარმოა. სამიზნე მანძილი 6-დან 7 კილომეტრამდე მერყეობდა. სამ ფაზად დაგეგმილი საარტილერიო მომზადების ამოცანას ასეულის შეფასება წარმოადგენდა. სწავლების მეორე ფაზა 17 მარტს დაიწყო და მასში 63 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სპეციალურად ამ სწავლებისთვის ბატალიონის პირადი შემადგენლობიდან შემფასებელთა ჯგუფია გამოყოფილი, რომელმაც შესაბამისი საფუძვლიანი მომზადება გაიარა. ბატალიონში შემავალი ასეულები ეტაპობრივად შეფასდებიან. გეგმური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება.