ირმა ინაშვილი: მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს ყველა იმ მექანიზმს, რომელიც შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების საქართველოში ჩამოყვანისთვის და გასამართლებისთვის, მისი პარტია რამდენიმე კვირაში საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეკრიბოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელი პირები და მისცეს საგანგებო დავალება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქართველოში ჩამოსაყვანად. ინაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პარტიის ორგანიზებით გადაიკეტება რუსთაველის გამზირი და დაიწყება კარვების აქციები. გონივრულ ვადებს ვთავაზობთ მთავრობას, და თუ ამ ვადაში ვერ დავინახეთ, რომ ყველა მექანიზმი ჩაირთო, დავიწყებთ მასობრივი შეკრებების ორგანიზებას და მოვითხოვთ იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადოთ სრული დაუმორჩილებლობა. თუ ისინი ვერ აკეთებენ მათ ჩამოყვანას და ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ჩვენ გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმითვე, მას აქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება.
“კლავენ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს. ინფორმაცია მაქვს, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება. ამ მკვლელობების ორგანიზებას აკეთებენ მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვა კრიმინალი ყოფილი მაღალჩინოსნები. ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომ ეს ადამიანები საქართველოში ყურით ჩამოათრიონ და პასუხი აგებინონ”, – აღნიშნა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები