თავდაცვის მინისტრი: დღეისათვის ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”, საბრძოლო დანაყოფში რამდენიმე ქალი მსახურობს

თავდაცვის სამინისტრო იზიარებს თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების პრინციპებს და აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანელიძის განცხადებით, გენდერული თანასწორობა, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთოხების საკითხები მეტად აქტუალურია როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მისი თქმით, საქართველო, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყანა, ძალიან დიდ როლს ანიჭებს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე და თანამდევი რეზოლუციების დაცვას. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული რეზოლუციების დასაცავად აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში, რითაც ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობას მათი დაცვისა და ძალადობის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით.
“გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იზიარებს თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების პრინციპებს და აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობისკენ მიმართულ ღონისძიებებში. 2015 წელი მეტად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, რადგან თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაცია. თავდაცვის უწყება ახორციელებს და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოვებს გენდერული თანასწორობის პრინციპების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერული თანასწორობის დაცვა და პრევენციული ღონისძიებების გატარება შეიარაღებულ ძალებში ამავდროულად ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, რადგან დღეისთვის შეიარაღებული ძალები რამდენიმე ათეულ ათასს საქართველოს მოქალაქეს აერთიანებს და მათ შორის, რამდენიმე ათასი ქალი მსახურობს, რომლებიც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ და მინდა სიმაყოთ აღვნიშნო, რომ ეს არ შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ დანაყოფებს, ეს შეეხება საბრძოლო დანაყოფებს. დღეისთვის იგივე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” საბრძოლო დანაყოფში რამდენიმე ქალი მსახურობს “, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, 2015-2016 წლებში გენდერული თანასწორობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ზემოაღნიშნული რეზოლუციის დაცვის შემდგომი განმტკიცების მიზნით იგეგმება მრავალმხრივი მონიტორინგის წარმოება, ასევე მოხდება მუშაობა გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ღონისძიებების გაფართოებისა და გენდერული მრჩევლის საქმიანობის ინსტიტუციონალიზმის უზრუნველსაყოფად. მინდია ჯანელიძის გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი მარიეტ შურმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები