„ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ სამართლიანობის აღდგენა კბილაშვილი-ნაცვლიშვილის ხელში აღმოჩნდა“

ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ სამართლიანობის აღდგენა კბილაშვილი-ნაცვლიშვილის ხელში აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა,  ამაში პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ კავშირში არ არის გიორგი უდესიანთან.
„მინდა მივუსამძიმრო ხარძიანის ოჯახს და მთელ საქართველოს, რადგან ეს იმ ტიპის დანაშაულია, რომელიც მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და სცდება ერთი ოჯახის ტრაგედიას.
„ნაციონალური მოძრაობის“ აზრები ნაკლებად საინტერესოა. გასაგებია, რომ დღეს მათ უნდა უარყონ ყველანაირი კავშირი. მე არავისკენ ხელს არ ვიშვერ. არ მჩვევია ეს, როდესაც არ არის კონკრეტული ფაქტები, თუმცა ლოგიკურია, რომ ხარძიანის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ უდესიანსა და „ნაციონალურ მოძრაობზე“.
ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩვენი ხელისუფლებისთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი კბილაშვილი-ნაცვლიშვილის ხელში აღმოჩნდა. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩაბარდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც არც ნება ჰქონდათ და არც შეეძლოთ ამ საქმის კეთება.
ეს ორი ადამიანი ციდან არ ჩამოვარდნილა, მთელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მეც ვარ პასუხისმგებელი ამ საქმეზე, მეც ამ ხელისუფლებას მივეკუთვნები. ხარძიანთან და იური ვაზაგაშვილთან ერთად მთელი ეს წლები ვიბრძოდი იმისთვის, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, რისთვისაც ისინი იჩაგრებოდნენ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები