იუნკერები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ (ვიდეო)
ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ. ტურნირში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.
სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს ვაზიანის სასროლეთზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრის დაწყებამდე ახალგაზრდა კურსანტებს IV მექანიზირებული ბრიგადის ინსტრუქტორებმა სასროლეთის უსაფრთხოების წესები გააცნეს. მონაწილეები ერთმანეთს მოიერიშე შაშხანა „M4“ და „ბარაკის“ ტიპის პისტოლეტიდან სროლაში შეეჯიბრნენ.
შეჯიბრი იუნკერებს შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით გაიმართა.
დღესვე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის ჩვენება გაიმართა.