თავდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გორში სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია. მინისტრმა დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტთა ახალი მისაღები ამოქმედდა, რომელიც თანამედროვე აპარატურით და ელექტრონული რიგის მართვის სისტემებითაა აღჭურვილი. მინდია ჯანელიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კარდიო-ქირურგიული განყოფილებები დაათვალიერა და სამხედრო ჰოსპიტლის ახალ სამედიცინო აღჭურვილობას გაეცნო.
თავდაცვის მინისტრთან ერთად, ახლადგარემონტებულ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი იმყოფებოდნენ.
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჰოსპიტალში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები