„ქართული დიასპორის პრობლემებზე სამუშაოდ სამთავრობო კომისია იქმნება“

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თემურ ჭკუასელმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დიასპორის პრობლემებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, დიასპორის წარმომადგენლებისთვის მთავარი პრობლემა საქართველოს მხრიდან უყურადღებობაა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, ბევრ ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა.
ჭკუასელის განცხადებით, იქმნება სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენლების ინტეგრაციასა და მათი ქვეყანაში დაბრუნების ხელშეწყობაზე იმუშავებს. „იქმნება სამთავრობო კომისია სპეციალურად იმ საკითხებისა და პრობლემებისათვის, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გააჩნიათ. კომისიამ ამისათვის სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს. მთავარი ისაა, თუ როგორ მოხდეს მათი ინტეგრაცია და ღირსეულად დაბრუნება საქართველოში. ძირითადი პრობლემა, რაც დიასპორის წარმომადგენლებს გააჩნიათ, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაა. წინა ხელისუფლებამ მათ ისეთი ბარიერები შეუქმნა, რომ არჩევნებშიც ვერ მიიღეს მონაწილეობა“,- განაცხადა თემურ ჭკუასელმა. რაც შეეხება არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს, ჭკუასელის განცხადებით, მათ ძალიან დაეხმარებათ საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა, რის შემდეგაც უკვე მათი ყოფნა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალური გახდება. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტი თემურ ჭკუასელის კანდიდატურას კენჭს 1 აპრილს უყრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები