შეარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში ჩემპიონატი ჩატარდა
საქართველოს შეარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი ქუთაისში, სათაფლიას ნაკრძალის ტერიტორიაზე, გაიმართა. სამინისტროს ცნობით, სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 15 ქვედანაყოფის 41-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრში მონაწილე სამხედროებს ასპარეზობის მიმდინარეობის დეტალებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ჯარისკაცებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე სათაფლიას ტყეში განლაგებული თექვსმეტივე პუნქტი კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცათ. პირველი ადგილი მოიპოვა და, შესაბამისად, ჩემპიონატის თასის მფლობელი IV მექანიზებული ბრიგადის პირველი კლასის რიგითი ბექა გულედანი გახდა.