ალექსანდრე მაისურაძე: 1 მაისიდან შევუდგები ჩემი მოვალეობების შესრულებას
როგორც საქართველოს ახალმა ელჩმა ნატოში, ალექსანდრე მაისურაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, საკუთარ უფლებამოსილებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება, მას შემდეგ, რაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გარკვეულ პროცედურებს გაივლის.
„პრეზიდენტმა მოაწერა ხელი განკარგულებას ჩემი თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. 1 მაისიდან დანიშნული ვარ აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ გასავლელია აუცილებელი პროცედურები თვითონ ჩრდილო-ატლატიკური ალიანსის შიგნით და ამ პროცედურების დასრულებისთანავე შევუდგები ჩემი მოვალეობების შესრულებას“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
აღნიშნული განკარგულების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება.
ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა. დიპლომატი მაისურაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1998 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე კი , ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობს. ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს ფლობს.