ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ დევნილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის
ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებამდე ჩვენს დევნილებს ცხოვრების ადამიანური პირობები შევუქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა დევნილთა პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ინტენსიურად მუშაობს და 2012 წლიდან დღემდე 800-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა და 1500-ზე მეტს ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა.
“მინდა შევეხო დევნილების თემას, რაც ყოველთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო სამეგრელოში. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს თანდათან შეუმსუბუქდეთ ცხოვრების პირობები. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართობით დავაკმაყოფილეთ 800-მდე დევნილი ოჯახი, საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 1500-ზე მეტ ოჯახს; დევნილი ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში შეძენილია 90 სახლი, 20 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა სოციალური პაკეტით და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებამდე ჩვენს დევნილებს შევუქმნათ ცხოვრების ადამიანური პირობები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა და ბიზნესმენებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამეგრელო–ზემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა.