ქართულმა ასეულმა ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისია დაასრულა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია დაასრულა. სამინისტროს ცნობით, ქართული ასეულის სამშობლოში გაცილების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. ცერემონიალზე სიტყვით EUFOR-ის ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ჟან მარკ ბაკუე გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას, მან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პირად დისციპლინას უმაღლესი შეფასება მისცა. ფრანგმა გენერალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ოცეულის მეთაურს, ლეიტენანტ გიორგი სახოკიას, ასეულის მეთაურს, კაპიტან პაატა ფაცაციას და ქართული კონტინგენტის უფროს სამხედრო წარმომადგენელს, მაიორ ლაშა ჭანჭალეიშვილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის EUFOR-ის მედლები პირადად გადასცა.
ღონისძიების შემდეგ გოჩა რატიანი და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბრიგადის გენერალ ჟან მარკ ბაკუეს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო. ქართულ ქვედანაყოფს ოპერაციის რაიონში უსაფრთხოების ზომების გატარება ევალებოდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ოპერაციის რაიონში ქვეით და მოტორიზებულ პატრულირებას ახორციელებდნენ. ქართულმა კონტინგენტმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები