„კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პოზიციები პრაქტიკულად შეჯერებულია“
ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პოზიციები, პრაქტიკულად შეჯერებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიას ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში გაიმართება. ფრაქცია “ქართული ოცნება” აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ზვიად კვაჭანტირაძის და თინა ხიდაშელის კანდიდატურებს განიხილავს.
გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარდაჭერილი იქნება თემურ ჭკუასელის კანდიდატურა.
როგორც ბესელია აცხადებს, ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნულ ფორუმთან” შედგა შეთანხმება, რომ ისინი აღნიშნულ პოსტზე წარდგენილ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას გაიწვევენ.