მინდია ჯანელიძე: ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ ჟურნ ალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ალასანიას ეს განცხადება იყო არაზუსტი და არაკორექტული.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში ვიზიტის დროს ალასანიასთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ საუბარი განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას შეეხებოდა.
“მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს, ამის მერე გავაკეთებ განცხადებას. ჭორაობის საგანი გახდა ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებულია. ვფიქრობ, თუ რაიმე სხვა ხელშეკრულებას გულისხმობს ბატონი ალასანია, უნდა დააზუსტოს. როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ფიგურა, საჭიროა მასში იყოს მეტი სიცხადე და სიზუსტე. ეს განცხადება იყო არაზუსტი და არაკორექტული. სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს. არსებობს დადგენილი პროცედურები, რომლის გავლაც აუცილებელია, რომ მინისტრმა ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარი ეხებოდა განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას, რასთან მიმართებაშიც არ იყო პროცედურები სრულად დაცული იმისთვის, რომ ეს ხელმოწერა განხორციელებულიყო”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, არასწორია, როცა მთავრობის წევრებს შორის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი საჯარო დისკუსიის საგანი ხდება.
“ეს არ არის სწორი, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება თავდაცვის სფეროს. მსგავსი საუბრები, დამიჯერეთ, ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.