საქართველო ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი გახდა

საქართველო ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი გახდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის თანამეგობრობის აქტიური წევრისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ნაბიჯი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნის იმიჯს განამტკიცებს.
“ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრობა ქვეყანას საარბიტრაჟო სასამართლოსთან კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო საქართველოს დახმარებას გაუწევს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კანონმდებლობის დახვეწა, არბიტრაჟის სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სპეციალური ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება. ამასთან, სასამართლოს აქვს ფინანსური დახმარების ფონდი, რომელიც დღესდღეობით სახელმწიფოებისთვის საარბიტრაჟო დავების ხარჯების დაფინანსების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საქართველოს, როგორც წევრ სახელმწიფოს, საჭიროების შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა, აღნიშნულ ფონდს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართოს”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განცხადებით, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში გაწევრიანებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აქტიურად იმუშავა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის დასაწყისში იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს წევრობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წევრობა ქვეყნისთვის პრესტიჟისა და მრავალი მიმართულებით სარგებლის მომტანი იქნებოდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ინიციატივით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა სასამართლოში ქვეყნის გაწევრიანებისთვის საჭირო ზომები მიეღო. საქართველოს წევრობისა და სასამართლოსთან მომავალში თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით 2014 წლის მარტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილესაც შეხვდა.
ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო 1899 წელს დაარსდა და ერთ-ერთ უძველეს და საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტიტუციას წარმოადგენს. სასამართლო ადმინისტრირებას უწევს როგორც კომერციულ და საინვესტიციო დავებთან დაკავშირებულ პროცესებს, ისე ტერიტორიულ, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ დავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები