ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკულ კამპანიას წარმატებულად აფასებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ ანტინარკოტიკულ კამპანიას წარმატებულად აფასებს.
“მიმაჩნია, რომ თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგი და წარმატებული კამპანია ჩაატარა და შედეგიც სახეზეა. ასე რომ, გააგრძელეთ ამ მიმართულებით მუშაობა”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ, რაც მან მინისტრთა კაბინეტს ”ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
”შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შევა და კრიმინალიზებულ ნაერთთა კლასებს რამდენიმე ქვეკლასი და ანალოგი დაემატება. კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონის შესაბამისობაში მოყვანა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან და იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღესდღეობით არ არის შეტანილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში.
2014 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც 2014 წლის 15 მაისს ამოქმედდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია. სახელმწიფო კომისიის წევრი უწყებების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) წარმომადგენლები ყოველთვიურად იკრიბებიან და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფენ, ახორციელებენ, ასევე, გამოწვევებზე რეაგირებას.
გაიმართა სახელმწიფო კომისიის 10 შეხვედრა. შეხვედრებისას განხორციელდა კონკრეტული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, ასევე, დაისახა მათი გადაჭრის გზებიც. კომისიის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ დაფიქსირდა რამდენიმე ისეთი ნივთიერება, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით არ შეესაბამება კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს. ეს ნივთიერებები და მათი სტრუქტურული ანალოგები აგრეთვე დაფიქსირებულია არაოფიციალურ საიტებზე, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ე.წ. “ბიო ნარკოტიკის” რეკლამირება-გაყიდვა. აქედან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომისიის მიზანია, იმოქმედოს წინსწრებით და პრევენციულად ხელი შეუშალოს ისეთი ნივთიერებების გავრცელებას საქართველოში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აუცილებლობას წარმოადგენს კანონის დანართში აღნიშნული ცვლილებების შეტანა”, – აცხადებენ შსს-ში.