შიდა ქართლის გუბერნატორმა შესაძლოა, ტელეკომპანია “თრიალეთს“ უჩივლოს
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი მისამართით დღეს გაჟღერებული ბრალდებების გამო ტელეკომპანია “თრიალეთს“ უჩივლოს.
“კვირასთან“ საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ არანაირი ბიზნესწილები არ აქვს, ატენის ხეობაში მდებარე სახლი კი მამაპაპისეულია.
„არანაირ ბიზნესებს არ ვფლობ, რაც შეეხება ატენის ხეობაში მდებარე სახლს, წარმოშობით ამ ხეობიდან ვარ და ეს სრულიად კანონიერი სახსრებით აშენებული მამაპაპისეული სახლია. ტელეკომპანია “თრიალეთმა “ კეთილი ინებოს და დაამტკიცოს ჩემს წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას მოვითხოვ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს“,- განუცხადა “კვირას“ შიდა ქართლის გუბერნატორმა.
შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსმა, ატენში მდებარე რუსიშვილის კუთვნილი სახლის ფოტოც გაავრცელა.
ზურაბ რუსიშვილი ასევე აბსურდულს უწოდებს მისი მისამართით იგივე ჟურნალისტის მიერ გახმაურებულ კიდევ ერთ ბრალდებას, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი მოსახლეობას არ ხვდება და “კაბინეტშია ჩაკეტილი“. როგორც რუსიშვილი აცხადებს, პერიოდულად ის ხვდება სოფლის მაცხოვრებლებს, ხოლო ხუთშაბათობით აქვს მიღების დღე, სადაც მოქალაქეებს უსმენს.
“დავდივართ სოფლებში, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, პირადად ვისმენთ მათ პრობლემებს. ხუთშაბათობით მაქვს მიღების დღე, როცა ვხვდები მოქალაქეებს. ჩვენი აქტივობების შესახებ ინფორმაციებს ვათავსებთ შიდა ქართლის გუბერნიის ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე, ასე, რომ თუ თრიალეთის ჟურნალისტები არ ესწრებიან ჩემსა და მოსახლეობას შორის გამართულ შეხვედრებს, ეს არ ნიშავს, რომ პასიური ვარ“, – აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით პრემიერს შეკითხვა ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი. ჟურნალისტის მტკიცებით, ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისურვებდა, რომ გუბერნატორმა “ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს.