თავდაცვის სამინისტრო ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატთან თანამშრომლობას იწყებს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორის მოადგილის, პოლკოვნიკ ბარი გრინის ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია იმყოფება. ისინი თავდაცვის უწყებას ბრიტანეთის სამხედრო ინსპექტორატის გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც განიხილავენ.
რამდენადაც მედიისთვის ცნობილი გახდა, დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილსა და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეხვდნენ. ბრიტანელი სტუმრები ნატოს სამეკავშირეო ოფისსაც ეწვივნენ.
დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანული არმიის სამხედრო ინსპექტორატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა მოაწერა. მემორანდუმით განისაზღვრა სამხედრო ინსპექტორატსა და საქართველოს გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. თანამშრომლობა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას, სპეციფიკური ღონისძიებების განსახორციელებლად, მენტორობასა და მხარდაჭერას, პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტაციების გაცვლასა და სამხედრო ინსპექტორებისათვის ბრიტანეთის სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში მონაწილეობას გულისხმობს.