დავით უსუფაშვილი: მოქმედი ხელისუფლება აშენებს სახელმწიფოს და არა საკუთარი ძალაუფლების სისტემას
„უკეთესია, მოსამართლეებმა დაუშვან შეცდომები, ვიდრე მათ მითითება გარედან მიეცეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია. ამასთან, უსუფაშვილმა განმარტა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიზანია, სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობა-განვითარება და არა სახელისუფლო სისტემის გამაგრება, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. უსუფაშვილმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება აშენებს სახელმწიფოს და არა საკუთარი ძალაუფლების სისტემას.
“ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მმართველ ძალას წარმოადგენდნენ, ამბობდნენ, რომ მიმდინარეობდა სახელმწიფოს მშენებლობის დიდებული პროცესი. გარკვეული შეცდომები, ხარვეზები, პრობლემები თითქოსდა, ჩრდილში იყო იმიტომ, რომ სახელმწიფოს მშენებლობის უფრო მნიშვნელოვან პროცესს ჰქონდა ადგილი. პრობლემა იყო ის, რომ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი და სახელისუფლებო სისტემის შენება ერთმანეთში აირია. სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი არის სხვა და ხელისუფლების შექმნის პროცესი – სხვა. წინა ხელისუფლებამ სახელისუფლებო სისტემა წარმატებით შექმნა”, – განაცხადა უსუფაშვილმა კონფერენციაზე და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინამორბედისაგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლების ამოცანა სწორედ სახელმწიფოს მშენებლობაა.
როგორც ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, უკეთესია მოსამართლეებმა დაუშვან შეცდომები, ვიდრე მათ გარედან მითითება მიეცეთ და ამით იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ დაუშვან შეცდომები. მან ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა დღევანდელი ადგილობრივი მთავრობა და არჩეული მერი კარგად მომზადებული და ეფექტური არ არის, როგორიც იყო წინა, როცა მითითებებს ცენტრიდან იღებდა. მაგრამ, მისივე თქმით, თუკი ადგილობრივ ორგანოებს თავისუფლება და შეცდომების დაშვების შესაძლებობა არ მიეცა, მართვას ვერ ისწავლიან.