„ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძის დისკრედიტაციას ცდილობს“

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში ბოლო ვიზიტის დროს მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, ვიცე-პოლკოვნიკი, სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი რევაზ სახვაძე აფასებს.
სახვაძე ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება არგუმენტს მოკლებულია და თავდაცვის მოქმედი მინისტრის პიროვნების დაკნინების მცდელობას წარმოადგენს. ვიცე-პოლკოვნიკის აზრით, მინდია ჯანელიძემ წინამორბედის განცხადებებს დუმილით უნდა უპასუხოს, რადგან ალასანიას მიზანს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პროვოკაციაზე წამოგება წარმოადგენს.
“ირაკლი ალასანია და მისი გუნდის წევრები დიდი ხანია მინდია ჯანელიძის დისკრედიტაციას ცდილობენ. ალსანიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებაც ამ პათოსს ატარებდა. მან ზედაპირულად თქვა, რომ საფრანგეთში ჯანელიძემ დაურეკა, თუმცა არ მოუყვანია კონკრეტული არგუმენტი, მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი განცხადების სანდოობას. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ არც აქვს. მინდია ჯანელიძე საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელისმოწერას აპირებს, როგორ ფიქრობთ, მას რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება არ სდომებოდა, ამას გააკეთებდა?! – ასე რომ, ალასანიას განცხადებები პარადოქსულია. ეს ყველაფერი ე.წ. კაბელების საქმეს უკავშირდება, “თავისუფალი დემოკრატები“ ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ თავდაცვის უწყებას და საზოგადოება დააჯერონ, რომ “კაბელების საქმეზე“ უწყების მაღალჩინოსნები პოლიტიკური სარჩულით დააკავეს“, – აღნიშა სახვაძემ.
სახვაძე პოლიტოლოგ, “ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელს სოსო ცისკარიშვილსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თავის დროზე სწორედ ცისკარიშვილი იყო პირველი, ვინც “საკუთარ ჩიტზე“ დაყრდნობით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალასანიასთან მინდია ჯანელიძემ ზარი განახორციელა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, – ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობის დროს განაცხადა. ალასანიას თქმით, მართალია, მინდია ჯანელიძემ დაურეკა, თუმცა, “იგი გადაწყვეტილებების მიმღები არ იყო”.

11072267_356687211204135_1578061831_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები