დავით ნარმანია: აბესაძე და გრიგალაშვილი მთავრობის სხდომაზე ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებით არ დაუშვეს
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის მთავრობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების – ირაკლი აბესაძისა და თემურ გრიგალაშვილის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არშეშვების ფაქტს გამოეხმაურა. მერის თქმით, აბესაძისა და გრიგალაშვილის არდაშვება მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
„ის, რომ ისინი არ დაუშვეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება და ამას აქვს რამდენიმე საფუძველი.
პირველი, როცა ისინი შიგნით სხედან, გამოდიან გარეთ, სხვანაირად საუბრობენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. მეორე, წინა შეხვედრაზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაესწრნენ სხდომას, მე მათ ვუთხარი, რომ დედაქალაქისთვის ბაღის შენობის დაბრუნების გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული და ისინი უნდა დაგვხმარებოდნენ ამაში, რაც არ არის გაკეთებული. ასევე მათ უნდათ, მთავრობის სხდომაზე შემოსვლის შემდეგ, ცალკეული საკითხები ასწიონ და მასკარადად აქციონ პროცესი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და არ დავუშვებთ, რომ ამ საქმის კეთებაში ვინმემ ხელი შეგვიშალოს,“ – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სრული ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, და თუ რაიმე კითხვები გაუჩნდებათ, ის მზად არის, აპრილის დასაწყისში საკრებულოს სხდომაზე ამ კითხვებს პასუხი გასცეს.