ლევან ბერძენიშვილი: ნამდვილი კვლევა არჩევნებია
“ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ “ნამდვილი კვლევა არჩევნებია”, – ასე ეხმაურება ფრაქცია IRI-ის კვლევის შედეგებს.
“ყველა კვლევას თავისი კოეფიციენტი აქვს. რაც იქ წერია, ის შედეგი არჩევნებზე არ დაფიქსირდება, ნამდვილი კვლევა არჩევნებია, მაგრამ ტენდენციებს, რა თქმა უნდა, კვლევა აჩვენებს”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 36%, “ნაციონალური მოძრაობა” – 14%, “თავისუფალი დემოკრატები” – 10%, “ლეიბორისტული პარტია” – 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” – 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5%. გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. კვლევის შედეგები ოფიციალურად 27 მარტს გამოქვეყნდება.