“ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი კიდევ ერთი დნმ-ი დამლაგებელს ეკუთვნის“

„ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი კიდევ ერთი დნმ სასაფლაოს დამლაგებელს ეკუთვნის“, – აღნიშნული განცხადება იუზი ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჯოგლიძის განცხადებით, დამლაგებლისა და სოსანაშვილის დნმ – ების გარდა, ადგილზე კიდევ ერთი დნმ არის აღმოჩენილი, რომლის მფლობელის ვინაობაც ჯერ არ გამოკვეთილა. ადვოკატის განცხადებით, დამლაგებელს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის უბრალოდ ვაზაგაშვილების დავალებით საფლავს ალაგებდა, რაშიც იური ვაზაგაშვილი ყოველთვიურ გასამრჯელოს უხდიდა.
„აღმოჩენილი კიდევ ერთი დნმ დამლაგებელს ეკუთვნის. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ის საფლავის მოწესრიგებისთვის ყოველთვიურად იური ვაზაგაშვილისგან 100 ლარს იღებდა. პროკურატურის თქმით, დნმ სწორედ დალაგების დროს არის დატოვებული. არის კიდევ ერთი დნმ, რომლის მფლობელიც ამ დროისთვის დადგენილი არ არის“, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ. სოსანაშვილის ადვოკატის თქმით, ის გეგმავს სახელწიფო ბრალდებას ბრალის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით მიმართოს. მისი თქმით, მოცემულ მომენტში სოსანაშვილს ბრალი წაყენებული აქვს მუხლით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჯოგლიძე ითხოვს, აღნიშნული ბრალი განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდეს. „ბრალის დამძიმება კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში დანაშაულის მოტივიც ვერ დაადგინეს. მას ამჟამად წაყენებული აქვს ბრალი მუხლით, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. იური ვაზაგაშვილი აფეთქების მომენტში საფლავზე მარტო იმყოფებოდა. ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობად. არ შეიძლება დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობად და სხვათათვის საფრთხედ იქნეს ფაქტი მიჩნეული. სასაფლაო ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხმრავალ ადგილად ჩაითვალოს. თუმცა როგორც არ უნდა გადაკვალიფიცირდეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მზად არის, იბრძოლოს და არ დაიბრალოს ეს დანაშაული“,- განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები