ზვიად კვაჭანტირაძე: ფადი ასლი ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებს

„ფადი ასლი ვალდებულია, დაასახელოს შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესის რეკეტისა და შევიწროების თუნდაც ერთი მაგალითი“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე. ზვიად კვაჭანტირაძეს მიაჩნია, რომ თუ ფადი ასლი არ დაასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც შემოსავლების სამსახურიდან ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლად განვითარების საზიანოდ, მიზანმიმართულად მოქმედებს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფადი ასლი ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებს. კონკრეტული ფაქტების გარეშე, მორიგი, უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებით, ფადი ასლი ცდილობს მოახდინოს 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაუმჯობესებული ბიზნესგარემოს დისკრედიტაცია, რაც, თავის მხრივ, უცხოელი ინვესტორების ინტერესებზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს. საკმარისია უკვე. იგი კარგა ხანს იყო ამოფარებული ამერიკის დროშას, მაშინ, როდესაც არანაირი კავშირი არა აქვს აშშ-სთან, თუ ამერიკულ ოფშორებში მის დარეგისტრირებულ კომპანიებს არ ჩავთვლით. ჩემთვისაც და ჩემი ახლო მეგობრებისთვის, იგივე მისი ყოფილი მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის კარგადაა ცნობილი ფადი ასლის ბიზნეს ეთიკის უსაზღვრო შესაძლებლობების და თავისებურებების შესახებ (ყველაზე მსუბუქი შეფასება), ვიცით, რისი გამკეთებელია და რაზეა წამსვლელი და ალბათ მოგვიწევს ამაზე ხმამაღლა საუბარი, რადგანაც იგი კვლავ განაგრძობს თავისი უსაფუძვლო განცხადებებით ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ პრემიერ-მინისტრს მიმართა, რათა ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლა შეეჩერებინა.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს – უკვე ერთ წელზე მეტია ვითხოვთ, მოიმოქმედოთ რამე და შეაჩეროთ ბიზნესის რეკეტი და შევიწროება, რომელსაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარების ნომერ პირველ დაბრკოლებად იქცა. თქვენ სისტემატურად აიგნორებთ ჩვენს მესიჯებსა და წერილებს, თქვენი დუმილი და უმოქმედობა სიტუაციას კიდევ უფრო აფუჭებს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შეაჩეროთ ბიზნესის შევიწროება და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ თქვენ საბოლოოდ გადადგამთ ნაბიჯებს და მოიმოქმედებთ რამეს ამისათვის. დიდი მადლობა“, – ამის შესახებ ფადი ასლიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 24 მარტს სტატუსი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები