მთავრობის წევრებმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს მთავრობის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ფორუმი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა და მას დონორი ორგანიზაციის წარმოამდგენლებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ძირითადი სამოქმედო სტრატეგია და ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც მთავრობა დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ფორუმზე ასევე ვრცელი მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
“ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დონორი ორგანიზაციის წინაშე მთავრობის წარდგენა სამოქმედო გეგმით. ჩვენ მათ გავაცანით მთავრობის ხედვა და სამომავლო გეგმები, ვისაუბრეთ თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულებითა და ასევე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმაზე. ამ გეგმაში უმთავრესი კომპონენტია საქართველოში კერძო სექტორის დახმარება და მათთვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომ მოახდინონ საკუთარი სტანდარტების ადაპტირება ევროკავშირში არსებულ სტანდარტებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის გაზრდას. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებზე“, – განაცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საფუძველი წელს ჩაეყარა და იგი პირველად თბილისში გაიმართა. ფორუმი გაიმართება ყოველწლიურად და მის ორგანიზებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.