გიორგი კვირიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადება არის წმიდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც საუბარი იყო სს „საქართველოს სათბურის კორპორაციისთვის“ სახელმწიფოსგან ქონების გადაცემის თაობაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
„მე ძალიან მაკვირვებს ის ორმაგი სტანდარტები, რომლის მომსწრეც ყველანი გავხდით. ჯერ ერთი, პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკა და სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ იმ კომპანიების დიდი სია, რომლებსაც გადაეცათ ქონებები პირდაპირი მიყიდვის წესით. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომსწრე ვართ რამდენიმე თვის განმავლობაში კამპანიისა და სპეკულაციისა, თუ რატომ არ დებს ბიძინა ივანიშვილი ინვესტიციებს, რატომ არ ახორციელებს უცხოური ვალუტით ინვესტიციებს იმისთვის, რომ გამყარდეს ეროვნული ვალუტა და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენს მიერ გადაცემულ ამ მიწაზე 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი,  ასზე მეტი ადამიანი უკვე დასაქმებულია და ათ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა უკვე განხორციელებული. საჯაროდ ვაცხადებ: თუ ვინმე არა ამ პირობებით, არამედ ამის ნახევარი პირობებით განახორციელებს სოფლის მეურნეობაში, სასათბურე მეურნეობაში ინვესტიციას, მთავრობა მზად არის, არამხოლოდ სიმბოლურ ფასად გადასცეს ქონება, არამედ განახორციელოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა (რომელიც სხვათაშორის, ამ შემთხვევაში  ჩვენ არ გაგვიკეთებია) – მიუყვანოს გაზი, წყალი, ელექტროენერგია, ასევე გზა. ეს არის მთავრობის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ჩვენ ვახორციელებთ ნებისმიერი ინვესტორის მიმართულებით. რაც შეეხება კომპანიას, რომელიც ნახსენები იყო, აქაც იყო არასწორი ინფორმაცია – ეს არის თანაინვესტირების ფონდის შვილობილი ორგანიზაცია და ამ პროექტში მფლობელები არიან როგორც ქართული, ასევე ფრანგული კომპანიები. ამიტომ ეს იყო ფაქტების სრული დამახინჯება  და წმიდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები