პროკურორებმა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის თემაზე ტრენინგი გაიარეს
პროკურორებმა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის თემაზე 3-დღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიარეს. პროკურატურის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამა, განრიდებისა და მედიაციის საკითხებთან ერთად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, საერთაშორისო სტანდარტებსა და ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს მოიცავდა.
პროექტი საქართველოს პროკურატურისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა. ტრენინგზე თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად ხორციელდებოდა მუშაობა პროფესიული უნარების განვითარებაზე – პრაქტიკული დავალებებისა და მსმენელების დისკუსიებში ჩართვის გზით. ტრენინგის ფარგლებში მომხსენებლად მოწვეულნი იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდის, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები. სასწავლო აქტივობაში საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოებიდან 30-მდე პროკურორი მონაწილეობდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებული პროკურორების ტრენინგები ეტაპობრივად ხორციელდება და მისი მიზანია გაუმჯობესდეს პროკურორების პროფესიული სტანდარტი, განხორციელდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების სწორად იმპლემენტაცია და არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება.