თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები 1 800 000 ლარით შემცირდება

თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები 1 800 000 ლარით შემცირდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომაზე გახდა ცნობილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომაზე წერილი წარადგინეს, რომელშიც დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრს მიმართავს ადმინისტრაციული ხარჯების 1 800 000 ლარით შემცირების შესახებ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ჰყავდათ მიწვეული, თუმცა იგი საკრებულოში არ მისულა.
„თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფრაქციის სხდომაზე არმოსვლით მის უწყებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რითაც თვითმმართველობის კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი დაარღვია’’, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
მანვე ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის’’ პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 800-მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ მილიონ 800 ათასი ლარის დაზოგვა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად არასაკმარისია.
,,თბილისის ბიუჯეტში ბევრი არამიზნობრივი ხარჯი იყო გათვალისწინებული და ჩვენ ამ თანხების სწორი მიმართულებით წარმართვას მოვითხოვთ’’,-აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
ფრაქციის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად მერის მოადგილის საკრებულოში მოსვლა და საკითხის ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ფორმატში განხილვა მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები