საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერი და ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩ ბრედი დაესწრნენ. ეროვნული ომის კოლეჯის ინსტრუქტორებმა და კურსანტებმა საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიისა და ქვეყნის რეგიონული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გენერალ-მაიორმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრისას ყურადღება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე გამახვილდა. შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა. ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს. ეროვნული ომის კოლეჯი საქართველოს ოთხ წარმომადგენელს აქვს დამთავრებული, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს გოჩა რატიანს. ამჟამად, კოლეჯში პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე იღებს განათლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები