ზურა ქადაგიძე: პროკურატურამ „კომედი შოუს“ მსახიობები უნდა დაკითხოს
უფლებადამცველი ზურა ქადაგიძე პროკურატურას მიმართავს და „კომედი შოუს“ მსახიობების დაკითხვას ითხოვს. როგორც ზურა ქადაგიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაკითხოს და გაარკვიოს, რა კავშირები აქვთ „კანონიერ ქურდებთან“ და საიდან იცნობენ მათ.
„ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი სისხლის სამართლის წესით, დასჯადი ქმედებაა. კოდექსში ამ ნორმის შეტანის ერთ-ერთი ავტორი „რუსთავი 2“-ის დღევანდელი შეფი ნიკა გვარამიაა. ყველა ვხედავთ, „კომედი შოუ“ და „რუსთავი 2“ როგორ იდეოლოგიას ატარებს – ე.წ. ქურდულ სამყაროს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ საშინელებად წარმოაჩენენ, რეალურად კი მათთან თავადვე ქეიფობენ და დროს ატარებენ. ეს ორმაგი სტანდარტები ყველაზე აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ქადაგიძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ქადაგიძემ ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი „კომედიანტებისა“ და „კანონიერი ქურდების“ ერთობლივი ფოტოები გაავრცელა, – როგორც ქადაგიძე ამბობს, ფოტოებზე არსებული პიროვნებები ნამდვილად „კანონიერი ქურდები“ არიან, გადამოწმებული ინფორმაციაა.