უცხოეთის პრესა – „ნაციონალური მოძრაობა“ „თბილისის მაიდნისთვის“ ემზადება
რუსეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის პრესა აქტიურად განიხილავს 21 მარტის აქციისთვის მზადებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას ზოგიერთი გამოცემა „თბილისურ მაიდანს“ უწოდებს. ჟურნალისტების აზრით, „ნაციონალებს“ აქვთ იმის ძალა, რომ ქვეყანაში, რომელშიც მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, დესტაბილიზაცია შექმნან. აზერბაიჯანული გამოცემა «Region Plus» წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღარიბაშვილის მთავრობამ ევროატლანტიკური კურსიდან გადაუხვია, თუმცა წინა ხელისუფლებასთან შედარებით ის უფრო ზომიერ პოლიტიკას ატარებს. გამოცემას მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდება.