საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი დღეს დასრულდა
საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი დღეს დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის წევრები სამი დღის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობოდნენ. ვიზიტის დასასრულს, შეფასების პირველადი შედეგები ჯგუფმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილს წარუდგინა. ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია, სასროლეთი და პოლიგონის სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს. დელეგაცია ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ შესაძლებლობებსაც გაეცნო. შეფასების შედეგად, ნატოს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ.
“შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს ერთიანი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის საჭირო შესაძლებლობების შეფასებაა. ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები – დანია, ნორვეგია, ლიტვა, ლატვია და პროექტს ასევე მხარს უჭერს გერმანია. ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ძალიან კარგი დისკუსიები. ასევე, მოვინახულეთ რამდენიმე შესაძლო ლოკაცია. ვიზიტის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ,“ – განაცხადა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის ოფიცერმა გუსტავ ვროემენმა.
წარმატებულად შეაფასა ვიზიტი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმაც.
„შეხვედრების მსვლელობისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ქართული მხარის გაწეულ სამსახურს, ჩვენს მონდომებას, რათა დროულად და ეფექტურად განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი. ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ წარდგენილი კონცეფციის და საქართველოს შესაძლებლობების შეფასებას. ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს, ასევე ნატოს და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, რაც საქართველოს მხარისთვის იქნება სასარგებლო, ვინაიდან გააძლიერებს ჩვენ ნატოსთან თავსებადობას და აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ექსპერტთა ჯგუფის შეფასების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას აღნიშნული ცენტრის ადგილმდებარეობის, მისი სტრუქტურის და შემდგომი ფუნქციონირების თაობაზე“,-აღნიშნა კბილცეცხლაშვილმა.
საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნა და შეფასებაა. ცენტრი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისათვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცირებას მოახდენს. ცენტრს შესაძლებლობა ექნება ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივის (CFI) მხარდასაჭერად მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს უმასპინძლოს.