ცენტრალურ აფრიკაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა კომბინირებული პატრულირება განახორციელეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა კომბინირებული პატრულირება განახორციელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ჯარისკაცებმა, ფრანგ სამხედროებთან ერთად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე იმოქმედეს, რადგან ადგილობრივთა ინფორმაციით, დედაქალაქ ბანგიში მკვლელობა მოხდა. პატრულირების მიზანს სწორედ სიტუაციის სტაბილიზაცია და უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენდა.
პატრულირების დროს 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოსახლეობას შეხვდნენ, მოისმინეს მათი პრობლემები და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნენ.
ძალოვანი უწყების ცნობით, 23-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს ISAF-ის საერთაშორისო მისიაში ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული. ევროკავშირის მისიისთვის კი დამატებითი მომზადება მათ მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სენაკში გაიარეს. გადასროლისწინა სწავლება პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვასა და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 23-ე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიით იმყოფება. მათ როტაციის წესით ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ჩაანაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები