წელს მთელი თბილისი დიოდური სანათებით განათდება

ინტერვიუ კომპანია “სინათლის ქალაქის” დირექტორთან ვასილ ხორავასთან

– როდის დაიწყება LED განათების დამონტაჟება თბილისში და  რამდენია ბიუჯეტიდან გამოყოფილი  ამ პროექტისთვის? 

– LED, ანუ იგივე დიოდური სანათების დამონტაჟება თბილისში უახლოესი ერთი წლის მანძილზე უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე დაწყებულია პროგრამის თეორიული ნაწილის განხორციელება, საუბარია LED ტექნოლოგიის შესწავლაზე. ამ მიზნით, ჩვენ ვიმყოფებოდით არაერთ ქვეყანაში, მოვინახულეთ LED სანათების მწარმოებელი კომპანიები და სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ  ეს სანათები ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

დღესდღეობით დედაქალაქის მერიის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის ხარჯი  8,5 მილიონ ლარს შეადგენს. LED სანათების დამონტაჟების შემდეგ კი, დაახლოებით 5 წლის შემდგომ ელექტროენერგიის ხარჯი 3 მილიონ ლარამდე შემცირდება.

ახლა უკვე მერია ოფიციალურად მოიწვევს ინვესტორებს, რომ მათ მთელ დედაქალაქში  არსებული სანათები  ჩაანაცვლონ LED სანათებით. წინასწარი გათვლებით, თბილისი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 60%-70%-იან ეკონომიას მიიღებს. სწორედ ამ თანხას მერია ყოველწლიურად გადაუხდის იმ გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც სანათებს შეცვლის.

– ვინ შემოიტანს სანათებს?

– ამას წინასწარ ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე, დაახლოებით, ათ უცხოურ კომპანიასთან უკვე ვაწარმოეთ მოლაპარაკება. მომზადებულია ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას განიხილეს და მოიწონეს. მომავალ კვირას თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც ინვესტორთა წინადადებებს განიხილავს. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურით ჩანაცვლება ახლო მომავალში რეგიონებშიც განხორციელდება.

– რა უპირატესობა აქვს ამ განათებას, როგორ შეიცვლება თბილისი ღამის საათებში?

–  რადგან დიოდური სანათების განათების ხარისხი ძალზედ ეფექტურია, იგი ფერების ზუსტად აღქმის საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპატრულო  სამსახურის თანამშრომლებისთვის. LED განათება დღის შუქის ეფექტს იძლევა. ლეხ კაჩინსკის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდზე, პილოტ პროექტის სახით, LED სანათები საცდელი ვადით უკვე დამონტაჟებულია და თუ იქ ღამით გაივლით, ამაში თავად დარწმუნდებით.

აქვე გეტყვით, რომ გარდა ელექტროენერგიის ეკონომიისა, დიოდური სანათების მთელი ხიბლი გახლავთ ის, რომ იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსთვის. დღესდღეობით საქართველოში გამოიყენება სანათების ტიპი, რომელიც სოდიუმსა და ნატრიუმს შეიცავს. ანუ მათი დაზიანების შემთხვევაში, გარემო ბინძურდება. LED სანათების შემთხვევაში მსგავსი რისკები არ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ LED სანათები იძლევა სამჯერ უკეთეს ნათებასა და  შუქფენას.

– ხომ არ გახანგრძლივდება განათების პერიოდი? ზამთარში საკმაოდ ადრე ითიშება ხოლმე ქუჩების განათება, რის გამოც განსაკუთრებით მძღოლები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. 

– ვერ დაგეთანხმებით, რადგან გარე განათების ჩართვა-გამორთვის პერიოდი, სეზონის მიხედვით, გრაფიკით მკაცრად არის  გაწერილი და ამის შეცვლა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.

– ოლიმპიურ სოფელთან თუ დაიწყო განათების მიყვანა? 

– 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის „სინათლის ქალაქმა“  მზადება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს თბილისის მასშტაბით არსებული გარეგანათების ბოძების მოწესრიგება, მათი შეკეთება-აღდგენა და გადაღებვა.  აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია 60-მდე ადამიანი და 8 ერთეული ტექნიკა.

სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით  მიმდინარეობს, მათ შორის არის  ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ეს გახლავთ საკმაოდ მასშტაბური და  მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც “სინათლის ქალაქი” ამ ეტაპზე ახორციელებს.

– იგეგმება თუ არა გარე განათების ბოძების შეცვლა? 

– გარე განათების ბოძების შეცვლაზე საუბარი უკვე დაწყებულია, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს მიმდინარე წელს არ მოხდება, რადგან ამის თანხა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში არ დევს. თუმცა ბოძების შეცვლა მთელი თბილისის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება. აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა სახის ბოძები დამონტაჟდება, რათა  მოხდეს მათი არქიტექტურასთან შერწყმა.

– ახალ წლამდე დიდი დროა დარჩენილი. თუმცა რადგან წელს თბილისელების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა ძველი საახალწლო განათებების გამო, აქვე გკითხავთ, წელს მაინც ვიხილავთ თუ არა განახლებულ განათებას საახალწლოდ?

– ცალსახად გეტყვით, რომ 2016 წელს თბილისი ახალი, აბსოლუტურად განსხვავებული საახალწლო განათებით შეხვდება. ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. სამწუხაროა, რომ 2015 წლისთვის ვერ მოესწრო საახალწლო მორთულობების შეცვლა, მაგრამ მომავალ ახალ წელს თბილისი განსხვავებული განათებებით შეხვდება.

ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტი და მომავალში პროექტები, თბილისს უფრო მეტად განვითარებულს ხდის, შესაბამისად ზოგადი სლოგანი “თბილისი სინათლის ქალაქი”, ეს უბრალოდ ფრაზაა და არა სტრატეგია. ჩვენ რეალურად გავხდით დედაქალაქს უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილს.

წყარო: “კომერსანტი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები