ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამედიცინო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბაზა „უკატექსზე“ 23-ე ბატალიონის სამხედროებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მისიაში მონაწილე საერთაშორისო სამედიცინო პერსონალს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მუშაობის პრინციპების დახვეწას ისახავდა მიზნად. სამხედრო – სამედიცინო სწავლება სწრაფი რეაგირებისა და მასობრივი დაზიანების სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ელემენტებს მოიცავდა.
წვრთნებში, ქართველ სამხედრო სამედიცინო პერსონალთან ერთად, სერბმა და ფრანგმა სამხედრო ექიმებმა, ასევე ოთხმა პარამედიკმა მიიღო მონაწილეობა.
სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. ბაზაზე სასადილოს შენობის წინ ხელყუმბარით აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. წვრთნების შედეგები ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა.
23-ე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიას ასრულებს. ოთხთვიანი მისიის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამოცანას ქალაქ ბანგიში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქმედო არეალის უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს.