აშშ-ში დაღუპული ორი ქართველი კურსანტი სამშობლოში ჩამოასვენეს (ვიდეო)
ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი კურსანტის, რიგითების – სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ცხედრები საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. ჩამოსვენების პროცესს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი, თავდაცვის უწყებისა და აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერები დაესწრნენ. დაღუპული ახალგაზრდებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.
ბორტს, რომლითაც საქართველოში დაღუპული სამხედროების ცხედრები ჩამოასვენეს, აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძღვანელობით, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, კურსანტების ჯგუფელები, რიგითები – გიორგი ტალახაძე და ელდარ საგანელიძე, ასევე, ამერიკელი მეგობრები ჩამოყვნენ.
სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა.
ხვალ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ.
რიგითები – სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.