თავდაცვის სამინისტროში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2015-2016 სასწავლო წელს საბაკალავრო სკოლაში მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის სხვადასხვა სკოლის აბიტურიენტები ესწრებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პრეზენტაცია წარუდგინეს საბაკალავრო სკოლაში მიღების პირობების, არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. პრეზენტაციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 31 მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმებას, გასაუბრებასა და ფიზიკურ მომზადებას. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება შემდეგი საგნები – ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2015-2016 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. აკადემიის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.