ვაჟა ლორთქიფანიძე: ის ადამიანები აწყობენ საპროტესტო აქციას, რომლებმაც, მართლაც, გაანადგურეს ათეულობით ახალგაზრდა?!
„ნაციონალების“ უტიფრობას საზღვარი არ აქვს! – ასე აფასებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ვაჟა ლორთქიფანიძე „ნაციონალების“ მიერ 21 მარტს დაანონსებულ აქციას.
როგორც ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აღნიშნავს, „ნაციონალებს“ უზარმაზარი ფინანსური რესურსი გააჩნიათ. თუმცა, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. „ვინ აწყობს საპროტესტო აქციას ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით? – ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში პირდაპირ ძალადობდნენ საზოგადოებაზე?! ის ადამიანები, რომლებიც ფეხზე დამდგარნი ტაშს უკრავდნენ სააკაშვილს, რომელიც „ნულოვან ტოლერანტობას“ ქადაგებდა და შუა საუკუნეების ტირანის მსგავსად ამბობდა ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე გაანადგურეთ ყველაო?! ის ადამიანები აწყობენ საპროტესტო აქციას, რომლებმაც მართლაც გაანადგურეს ადგილზე ათეულობით ახალგაზრდა?!“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.