აშშ-ში გარდაცვლილი კურსანტის მამა: ბესო თავისი შეგნებული ცხოვრებით, სამშობლოს უზომო პატრიოტი იყო
ნიუ-ჯერსის შტატში ავტო-ავარიის შედეგად ქართველი სამხედროების გარდაცვალების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს ერთ-ერთი კურსანტის, ბესო გორჯოლაძის მამა, კახა გორჯოლაძე.
„უბედურება დაგვატყდა ოჯახს, ნათესავებს და ფაქტიურად მთელს საქართველოს. ბესო იყო ბიჭი, რომლის დაღუპვაც მთელმა საქართველომ განიცადა. თავისი შეგნებული ცხოვრებით, სამშობლოს უზომო პატრიოტი იყო და ბესოს ბოლო ამოსუნთქვა საქართველოს ეკუთვნოდა,“ – აცხადებს გარდაცვლილი კურსანტის მამა, კახა გორჯოლაძე.
შეგახსენებთ, რომ რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.