არჩილ თალაკვაძე: სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია

ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის გამო დაკავებულ პირთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს -ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“რაც შეეხება პოლიციას და პროკურატურას, ჩვენის მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რომ საქმის გარემოებები ყოფილიყო დოკუმენტირებული, ბრალი წაყენებული, დამნაშავე დაკავებული და წარდგენილი ყოფილიყო მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ ეს ფუნქცია პირნათლად შევასრულეთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე “ვარდების მოედანზე” აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის “პროვოკაციაში დაადანაშაულა”, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი – ივანე ბეგიაშვილი დააკავა. გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები