საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვითი აკადემიის ორი ქართველი მსმენელის, რიგითი სოსო მაკარიძის და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
„ორივე ახალგაზრდა გახლდათ დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის წარჩინებული კურსანტი, სწორედ ამგვარი ახალგაზრდები წარმოადგენენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებულ მომავალს. რიგითი სოსო მაკარიძის და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები