აშშ-ში დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია

ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.
აშშ-ში საქართველოს გენერალური კონსულის დიანა ჟღენტის განცხადებით, პროცედურების გავლა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ქართველ სამხედროებს საქართველოში უახლოეს პერიოდში გადმოასვენებენ. მისივე ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მოყინული გზა გახდა.
“წინასწარი მონაცემებით, გზა მოყინული იყო, რის გამოც ავტომობილი მოცურდა და საპირისპიროდ მიმავალ მანქანას შეეჯახა. ამ ეტაპზე ფორმალური მხარის მოგვარება მიმდინარეობს – როგორიც არის საბუთების გაფორმება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაღუპული სამხედროების საქართველოში გადმოსვენება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა კონსულმა “რუსთავი2“-თან საუბრისას.
რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები