ირაკლი ალასანია: სოსო მაკარიძის და ბესარიონ ღორჯოლაძის გარდაცვალებისგან გამოწვეული დანაკლისი საქართველოსთვის აუნაზღაურებელია
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სოსო მაკარიძის და ბესარიონ ღორჯოლაძის გარდაცვალებისგან გამოწვეული დანაკლისი საქართველოსთვის აუნაზღაურებელია.
როგორც ალასანია აღნიშნავს, ის გარდაცვლილებს პირადად იცნობდა.
“მინდა მივუსამძიმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. ეს კურსანტი ბიჭები მართლაც ვაჟკაცი ჯარისკაცები იყვნენ. ისინი სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ და ქვეყანას იმ უმაღლესი სამხედრო განათლებით დაუბრუნდებოდნენ, რაც ასე სჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მათ პირადად ვიცნობდი. კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული ბიჭების ოჯახებს”, – ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.
რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.