პრეზიდენტი ქართველი სამხედრო კურსანტების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის – ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ქართველი კურსანტები გუშინ ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღპუნენ. ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.