დავით ნარმანიამ დღეს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ თბილისის მერს სამსახურის მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
დავით ნარმანიამ, თავშესაფრის ხელმძღვანელთან ერთად, სერტიფიკატები გადასცა მოხალისეებს, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თავშესაფრის ბინადრებზე. სააგენტომ დღეს მსურველებს ლეკვებიც აჩუქა, თავშესაფრის მიმდებარედ კი ცხოველების გადარჩენის იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. თბილისის მერის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მიმდინარე წლის იანვრიდან შეუდგა საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული.
„თავშესაფარში ცხოველთა სათანადოდ მოვლა-პატრონობისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირების ყველანაირი პირობა არსებობს, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი დაფინანსებაა გათვალისწინებული. ბევრი რამ მოწესრიგდა და მომავალშიც გავაგრძელებთ. უკვე მზად არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სამსახურს დამატებით ფუნქციებს მიანიჭებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ ფხალაძის თქმით, თავშესაფარი მაქსიმალურად მიახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებთან. მისივე თქმით, ცხოველების დაჭერა, თავშესაფარში გადაყვანა, მოპყრობის წესები და მოვლა პატრონობა ჰუმანური მეთოდებით ხდება.
როგორც თემურ ფხალაძემ აღნიშნა, ახლო მომავალში იგეგმება თავშესაფრის რეკონსტრუქცია და გაფართოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია, სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს ევალება თბილისში მოსახლეობის დაცვა საფრთხის მომტანი (აგრესია, საშიში დაავადებები) ცხოველებისგან, ასევე ცხოველების უფლებების დაცვა, ძაღლების და კატების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მსოფლიოში აღიარებული ჰუმანური მეთოდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები